სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავების ფაქტებს ეხმაურება და ამბობს, რომ აპარატმა დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა დაიწყო.
სახალხო დამცველის რწმუნებულმა, გუშინ თბილისისა და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული მოინახულა.
,,სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება.
საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს,” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ და აინტერესებდათ, რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მათ სამინისტროსთან კარვის გაშლა და გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შსს-მ აქციაზე 11 პირი დააკავა.
გარემოს დაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციების საფუძველი არ არსებობს, რადგან რაჭაში ტყე არ გაყიდულა.