გასულ ღამეს უკრაინაში 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბომბა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში 150-ზე მეტი დასახლება დაიბომბა.

მათივე ცნობით, რუსებმა უკრაინაში 5 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 50 შეტევა მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში 71 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთის ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, არის დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

ამავე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 რუსული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.

რუსეთის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის რეგიონში 389 ჭურვი ისროლეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა – განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.

მისი თქმით, ჭურვები რეგიონის რამდენიმე დასახლების საცხოვრებელ უბანს და სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა.

მსგავსი თემები