,,ეს მთლიანად საზოგადოების გამარჯვებაა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია” – კალიურანდი

,,ეს მთლიანად საზოგადოების გამარჯვებაა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია”. ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას.

,,მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან მე მოვისმინე დამოკიდებულება, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რასაც ევროკავშირი მოითხოვდა და რომ ახლა ბურთი ბრიუსელის მოედანზეა. ამ რეკომენდაციაში კი მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ დიახ, გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით კიდევ არის ბევრი გასაკეთებელი.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეს საკითხი შედარებით ახალი შემოტანილია, იმიტომ რომ მართლაც შემაშფოთებელია, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 30%-ზე ნაკლებია. თუ თქვენ გინდათ, რომ ევროპული ოჯახის წევრი იყოთ, მაშინ იგივე საგარეო პოლიტიკა უნდა გქონდეთ, რაც ევროკავშირს აქვს. დიახ, 27 წევრ ქვეყანას შესაძლოა რაღაცაში განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდეს, მაგრამ როდესაც საქმე სანქციებს ეხება, ყველა უერთდება მათ. თუ საქართველოს არ მოსწონს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მაშინ უნდა გადახედოს თავის სურვილს და გადაწყვიტოს, მართლა სურს თუ არა, რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

მე არ მინდა, რომ ერთი პარტია მეორეს დავუპირისპირო, მაგრამ ხალხი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს და, რა თქმა უნდა, მთავარი ამ შემთხვევაში სწორედ მმართველი პარტიაა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს მოლოცვა ეკუთვნის მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს, რომელიც ქუჩებში გამოვიდა და შეაჩერა იმ კანონის განხილვა, რომლის მიღება “ქართულ ოცნებას” სურდა. ასე რომ, ეს არის მთლიანად საზოგადოების გამარჯვება, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, იმიტომ რომ მთავრობა არის ის, ვინც წარმოადგენს ქართველ ხალხს საერთაშორისო ურთიერთობებში”, – ამბობს კალიურანდი.

მსგავსი თემები