,,არავითარი საფრთხე არ არის და ყველას შეუძლია უსაფრთხოდაც და კომფორტულადაც მგზავრობა”- ირაკლი ქარსელაძე რიკოთზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის მონაკვეთზე არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, ყველას შეუძლია უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა.

„ძალიან ბევრჯერ ავხსენით ეს ყველაფერი, სხვადასხვა ფორმატში, საჯაროდ, ბრიფინგებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციები შეგიძლიათ ნახოთ, ყველაფერი გამჭვირვალეა, აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე არის ოფიციალური პასუხი გაცემული. 27 კილომეტრი გაიხსნა, მანამდე მთელი შვიდი, თუ რვა თვის განმავლობაში მიდიოდა კამპანია, მოსახლეობის დაშინება – არ გაიარო, რაღაც მოხდება და ა.შ. თქვენი მცდელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მოსახლეობა დააშინოთ და დაშინების ხარჯზე შექმნათ დისკრედიტაცია ამ დიდი პროექტის, იმ ხალხის, ვინც ჩართულია. არ არის საფუძველი. ვიმეორებ, რომ არავითარი საფრთხე არ არის. ყველა შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა დამუშავებული იყო კვალიფიციური ინჟინრების მიერ, მიღებული იქნა კვალიფიციური მშენებლების და საზედამხედველო კომპანიის მიერ. გუშინ გავხსენით 27 კილომეტრი, დანარჩენ მონაკვეთებზეც ანალოგიურადაა. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ არის და ყველას შეუძლია უსაფრთხოდაც და კომფორტულადაც მგზავრობა. რაც შეეხება საჯაროობას, პროექტიც, გეოლოგიაც, ყველა სხვა თანმხლები დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე, მათ შორის, დამატებით თუ გნებავთ რაიმე, შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ვებგვერდებზე. აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელმისაწვდომი.უბრალოდ წამკითხველი და წაკითხვა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას.

მსგავსი თემები