,,იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება” – ჰერჩინსკი

,,იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება”. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროკომისიამ დასკვნა 8 ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს.

,,მსურს გითხრათ, თუ რა არის შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ეს არ შემიძლია. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, არ ვიცი. ამ წუთებში, ბრიუსელში ჩემი უფროსები მუშაობენ საქართველოსთვის გაფართოების პირველი ანგარიშის დასასრულებლად, რომელიც წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება.

სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, პროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის უხამსობის შესახებ. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს”, – თქვა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ,,ოცნების” ხელისუფლებამ ცენზურის ახალი კანონპროექტი მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს მიიღო.

ამ პაკეტით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.

მსგავსი თემები