,,საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს”- დარჩიაშვილი

საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

„ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით.

ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი – ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვს ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და, მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა. ამ მიზნების მისაღწევად პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები