,,პრეზიდენტი წარმოგვადგენდა ჩვენ – ყველას და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ეუბნებოდა, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის”- ჩუგოშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლიდან, ყველა ვიზიტთან დაკავშირებით აგზავნიდა მოთხოვნას 52-ე მუხლის შინაარსის მითითებით, თუმცა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა შეწყვიტა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არა საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ ქვეყნის წარმოდგენაა 49-ე მუხლიდან გამომდინარე.

,,ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა 49-ე მუხლიდან გამომდინარე.

მე გადმოგეცით მისი დასაბუთება: რატომ მიაჩნია მას საჭიროდ კოორდინაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, როგორ ხედავდა ის ამ პრაქტიკას, როგორც მისი საქმიანობის კოორდინირების საშუალებას ხელისუფლების ამ ორ შტოსთან, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპურციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ საერთოდ ჩამოშორებული ყოფილიყო საგარეო პოლიტიკიდან.

49-ე მუხლის ფარგლებში ის გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მათ შორის, თავისი დიპლომატიური როლის შესრულებას, სახელმწიფო მეთაურებთან თავისი კონტაქტების გამოყენებას სწორედ, 78-ე მუხლის ინტერესებიდან და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოზე განსახილველ სამ შემთხვევაში არ განხორციელებულა არც ხელშეკრულების დადება, არც მოლაპარაკებები, არც ახალი ვალდებულებების აღება.

მისი თქმით, ეს კონტაქტი თავსდება 49-ე მუხლის მე – 3 პუნქტში.

“პრეზიდენტი ამ მუხლის საფუძველზე წარმოგვადგენდა ჩვენ – ყველას და სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ეუბნებოდა, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

მსგავსი თემები