ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ გაარღვია რუსების თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთში.
რუსეთმა თავისი დროისა და რესურსების 60% დახარჯა თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე და მხოლოდ 20% მეორე და მესამე ხაზის აგებაზე. ტარნავსკი ამბობს, რომ კრემლი არ ელოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პირველ ხაზს გაარღვევდნენ.
„ახლა ჩვენ ვიმყოფებით თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის, ვასრულებთ მტრის ქვედანაყოფების განადგურებას, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ჯარების გაყვანას თავდაცვის მეორე ხაზის უკან“, – განუცხადა გენერალმა Observer-ს ინტერვიუში.
მისივე თქმით, რუსული ჯარები “უბრალოდ იდგნენ და ელოდნენ უკრაინის ჯარს, ესროდნენ ტექნიკას ჭურვებითა და დრონებით, მაგრამ ახლა ეს ბარიერი გადალახულია და ოკუპანტები იძულებულნი არიან მიმართონ მანევრებს.”
ტარნავსკის განცხადებით სამწუხაროდ, დაჭრილების ევაკუაცია გართულდა, რამაც ასევე გაართულა უკრაინის ჯარების წინსვლა.
ტარნავსკიმ განმარტა, რომ თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა – მეორე ხაზი არც ისე კარგად არის გამართული, ამიტომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნიკა.