,,სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო”- სტიქიის ზონაში სამხედრო გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მომხდარს ეხმაურება და გარდაცვლილის ფოტოს ავრცელებს.

„შოვში, სამძებრო სამუშაოების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი ინსტრუქტორი, 50 წლის თემურ ხარჩილავა.

მისი მეგობრების ინფორმაციით, თემური სამუშაოების მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრომაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. სხვა დეტალები ჯერ არ ვიცით.

თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო… აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა სამი შვილის (ორი სტუდენტისა და ერთი სკოლის მოსწავლის) მამაა, ის წლებია, ოჯახთან ერთად ზუგდიდში, გორგასლის ქუჩაზე ცხოვრობს.

უაღრესად თავმდაბალი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, პატრიოტი ადამიანი – ასე დავახასიათებდი მას მოკლედ – ასეთს ვიცნობდით და ასეთი დარჩება ჩვენს, მისი არცთუ ახალი მეზობლების გულში სამუდამოდ. ეს მხოლოდ ჩვენი სამეზობლოს დანაკლისი არ არის, თემურ ხარჩილავა სრულიად საქართველოს დააკლდება“, – ლაშა ბერულავა.

მსგავსი თემები