,,თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება” – კახა კალაძე

,,თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება”. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით, მეტროს განახლებისთვის, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი.

„ADB-ის სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან. ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომადობას, მისი გაუმჯობესების მიზნით “, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დედაქალაქს გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები ექნება.

მსგავსი თემები