გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა – ”ბიბისი”

”ბიბისის” ინფორმაციით, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა გლობალურ ბაზრებზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს.

ამასთან,  მოსკოვი  გამოვიდა შეთანხმებიდან, რომელიც უზრუნველყოფდა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გადაზიდვის უსაფრთხო გავლას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მათ შორისაა რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის გლობალურ გადახდის სისტემასთან დაკავშირება.

კიევმა მოუწოდა შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებს ჩაერიონ სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

“2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან, ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიდის, განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი. ის სახელმწიფოები, რომელთა დროშის ქვეშაც ასეთი გემები გადაადგილდებიან, განიხილებიან როგორც უკრაინის კონფლიქტში ჩართული მონაწილეები, კიევის რეჟიმის მხარეს”, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვაში. 

ხორბლის ფასი ევროპის საფონდო ბირჟაზე ოთხშაბათს 8,2%-ით გაიზარდა წინა დღიდან, 253,75 ევრომდე (219,78 ფუნტი) ტონაზე, ხოლო სიმინდის ფასი 5,4%-ით გაიზარდა. ოთხშაბათს აშშ-ში ხორბლის ფიუჩერსები 8,5%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური ზრდაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

რუსეთმა უკრაინის პორტებზე დარტყმა სამშაბათს, გამთენიისას, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

 

მსგავსი თემები