ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ერთგულია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც შექმნილია ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებისათვის. სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას და მასში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის სამოქმედო გეგმაზე.

აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად კი, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.

საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობის ეფექტიანობაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. მთავრობის მეთაურმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები