როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პრიორიტეტს? – ევროკომისარის განცხადება

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა.

ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

„რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა, ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული: პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ამასთან, ვარჰეისმა აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივა მკაფიო და ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

„ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის უკვე ინოვაციურია, რომელიც ევროპულმა კომისიამ მიიღო. ეს არც ისე აშკარა იყო, რბილად რომ ვთქვათ. ეს სიგნალი ძალიან მკაფიო და ძლიერია. ის ჯერ კიდევ ძალაშია, ამიტომ გამოიყენეთ. ნუ უყურებთ სხვებს, უყურეთ იმას, რისი გაკეთება შეგიძლიათ და ქვეყანა შეძლებს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები, თუ ყველაფერი შესრულდება“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა, სტოკჰომში არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეკომენდაციები მთავრობისადმი არის ის, რომ სწრაფად შეასრულონ სამუშაოები ყველა სფეროში.

,,მე მქონდა პატივი, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში და ეს იყო მესიჯი. თქვენ იცით, რაც არის მოთხოვნა, ამიტომ გააკეთეთ. გააკეთეთ, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ყველამ უნდა ნახოს მაქსიმალური სარგებელი. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, რომ მიხვიდეთ იქამდე, მაგრამ კრიტერიუმები უნდა შესრულდეს ყველას მიერ. რეკომენდაციები მთავრობისადმი არის ის, რომ სწრაფად შეასრულონ სამუშაოები ყველა სფეროში, რათა ოქტომბერში გვქონდეს შესრულებული ანგარიში საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით. ჩვენ მზად ვართ“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

მსგავსი თემები