სასამართლომ ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდა

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

„ვერ ნახავთ მეორე საქმეს საქართველოში, ვერცერთ პროკურატურაში და ვერცერთ სასამართლოში, სადაც ამ მოცემულობით, როდესაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნასამართლევი არ არის, ინანიებს, ხელი შეუწყო გამოძიებას, მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, მას პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მოისმინა რა პატრიარქის შესახებ მიუღებელი მსჯელობები დაზარალებულისგან, მას შემდეგ არ უნახავს დაზარალებული, საგულისხმოა, რომ არც კი უძებნია. შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა და გაიხსენა წყენა, რაც მის მიმართ გულში ჰქონდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ სასამართლოზე.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს მისივე ავტომანქანაში  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

მსგავსი თემები