15 წლის გოგონა, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოვარდა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

15 წლის გოგონაზე, რომელიც, 11 ივნისს, ბათუმში მაღალი სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითა და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მუხლით აღიძრა. დაკავებულს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ.

 

მსგავსი თემები