პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააცნო. მისი თქმით, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნულია, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს. ვეტო მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გაიზიარეს.
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.