„ნაყიდი სტატიები, ნაყიდი დიპლომატები, ნაყიდი უცხოელი ექსპერტები და ნაყიდი განცხადებები“ – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი გარკვეული დიპლომატებს, ელჩებს, უცხოურ მედიას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაცემულ მილიონებთან აკავშირებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გარიგებების ნაწილია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვისაც ეჭვი ეპარება, აიღოს მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის გარეთაა ჩამოყალიბებული. ჩვენ ვნახეთ მსგავსი სახის გარიგებები მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. იყო ნაყიდი სტატიები, ნაყიდი რეპორტაჟები, ნაყიდი ექსპერტები და ნაყიდი განცხადებები. ეს არის ჩვეულებრივი დასტური პოლიტიკური კორუფციისა. გავიხსენოთ ყველა ის პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი, უცხოური მედია და ა.შ, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, თითქოს მისი წამება მიდიოდა, არასათანადო მოპყრობა და ა.შ. და დავსვათ კითხვა, იმ მილიონიდან შემთხვევით ხომ არ მოხდა გარკვეული წილი ყოფილ ელჩებთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილ ლიდერებთან, რომლებიც დღეს უცხო ქვეყნიდან საქართველოს ჭკუის დარიგებით და საქართველოს დისკრედიტაციით არიან დაკავებულები?“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

მისივე შეფასებით, თანხის ნაწილი ყოფილი ელჩების ჯიბეებშიც მოხვდა.

„დავაკვირდეთ დღეის შემდეგ ვინ გააკეთებს დავით კეზერაშვილისთვის მხარდამჭერ განცხადებებს და იქვე დავსვათ კითხვა, ამ ნახევარი მილიონიდან რა წილი მოხვდა ყოფილი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლების და ა.შ, ჯიბეში. ეს ჩემი აზრით, არის ნათელი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომლის წყალობითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ქვეყნის გარეთ ხორციელდება. აღმოჩნდა, რომ ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და ა.შ. განცხადებები იყიდონ“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე.

მსგავსი თემები