,,ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი”- ღარიბაშვილი

ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი, ამ მიზნით თბილისში იდეალური ადგილია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებულ აეროპორტს აქვს მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას.

„მე მინდა დღეს რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი  და თქვენი ყურადღება მივიპყრო. პირველ რიგში, მე მინდა დღის მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად. ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და საერთოდ, მინდა მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი, ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა, რომ გესაუბროთ.

მისივე თქით, თბილისში არსებულ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას.

,,მით უმეტეს, ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა, ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ გვინდა 20-30-50 წლიანი და თუნდაც 100 წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთ ლოკაცია, ასეთი ადგილი თბილისში არის, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი.“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები