,,უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან”- შალვა პაპუაშვილი

,,ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ხალხისთვის არაფერი მოაქვს, უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთოს ვერ ხვდება რა დანიშნულება აქვს, როცა ”ასე ჯიუტად, რამდენიმე თვეში ერთხელ IRI-ს და NDI-ის მიერ ქვეყნდება ეს რიცხვები.”

„არ მესმის, რატომ ხდება ამ რიცხვების ჯიუტად გამოქვეყნება. ამ საკითხში უფრო მაღელვებს მეორე მომენტი – ამ რიცხვების გამოქვეყნებასა და კვლევების წარმოებაში იხარჯება თანხა, რომელზეც შემდეგ ნათქვამია, რომ ხმარდება ქართველ ხალხს. ვხედავთ, რომ ამ ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ქართველი ხალხისთვის არაფერი მოაქვს. ამიტომ მიკვირს ამ თანხაზე რომ ამბობენ, იხარჯება ქართველი ხალხისთვის. მეორე მხრივ, ყველა ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ეს თანხა დახარჯულია რადიკალიზმის გაღვივებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ”ქართულ საზოგადოებაში ორივე კვლევა უკვე დიდი ხანია, დისკრედიტებულია იმ აცდენების გამო, რაც მათ რეალობასთან აქვთ”.

„მექნებოდა რეკომენდაცია, რომ მგონი, უკვე უნდა მიხვდნენ, ეს ის კვლევებია, რომლებიც მათ არ გამოსდით და საბოლოო ჯამში, შეეშვან. ზოგადად, გამოქვეყნებულ რიცხვებს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ. ოპოზიცია, უმრავლესობა, ქართული საზოგადოება, ამ კვლევას ყველა უნდობლობას უცხადებს და ჯიუტად ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება, რომლის შედეგიც საბოლო ჯამში არის არეულობისა და დესტრუქციის წახალისება. რა მიზეზი აქვს ასე ჯიუტად რამდენიმე თვეში ერთხელ, ყოველ ჯერზე რიცხვების გამოქვეყნებას, რომელიც არათუ ჩვენი ანალიზით ან აღქმით არ არის სწორი, არამედ ფაქტებით დადასტურდა. რამდენიმე არჩევნებმა დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული რიცხვები აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. ამიტომ, არც კი შევიდოდი ამ რიცხვების ანალიზში, რადგან ცხოვრებამ დაადასტურა, რომ ეს რიცხვები არ არის სწორი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები