პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ცხრა.
კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ.
რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.