„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“ – ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ მეორე მოზარდზე

მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, მძიმეა. ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ეტაპისთვის რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„ჩატარებულია გულის, ტვინის, შინაგან ორგანოებზე ყველანაირი კვლევა. პათოლოგიური ცვლილებები ნაკლებადაა დაფიქსირებული, ამიტომ შედარებით იმედიანად ვართ და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე. 72 საათი უნდა გავიდეს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, გაღვიძების მცდელობა უნდა გვქონდეს და შემდეგ შეფასდეს ნევროლოგიურად, რომ რაღაც პროგნოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ძალიან ადრეა“ – აცხადებს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. სამ არასრულწლოვანს, ვაკის პარკში, შადრევანში დენმა დაარტყა. ერთი მოზარდი გოგონა გარდაიცვალა.

მსგავსი თემები