,,ათიდან ცხრა ქართველს სწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს“- შალვა პაპუაშვილი

„პირადად მე, ჩემს პარტიას „ქართული ოცნება“, რომელიც ამჟამად მართავს საქართველოს, და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი  მიმართვაშია ნათქვამი.

რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ წერილში შალვა პაპუაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობაზე სამი თვის წინ განაცხადზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას  საქართველო მოუთმენლად ელოდება.

„ასე ემოციურად იშვიათად შეუკავშირებია ჩვენი ერი სხვა რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას, როგორც ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელ პასუხს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მე წარმოვადგენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და დარწმუნებული ვარ, შემიძლია ჩვენს ევროპულ ბედთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მოსახლეობის ერთიანი ხმის გაჟღერება.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც კი, კომუნიზმისა და საბჭოთა შევიწროების წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სახალხო ბრძოლით, ევროპა გახლდათ ის კულტურული და პოლიტიკური სიმბოლო და ვექტორი, რომელიც ამოძრავებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1990-იან წლებში გარედან თავს მოხვეული და ხელოვნურად მართული კონფლიქტების დროსაც კი, ეროვნულ დისკურსში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოწოდებები უპირატესი იყო სხვა ყველა ალტერნატივასთან შედარებით. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები