,,ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა, უკრაინაში უკვე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს და ახლა ეძებენ გზებს მის გასაყიდად.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ექსპორტზე ვერ აგზავნის 22 მილიონ ტონა მარცვლეულს, რაც გლობალურ კრიზისს იწვევს. ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობზე და გაზარდონ ზეწოლა აგრესორ ქვეყანაზე.

,,ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა. რუსეთის არმია კვლავ ცდილობს, რომ გარკვეულ რეგიონებში ძალები შეკრიბოს და ჩვენს დამცველებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს. ოკუპანტების მთავარ სამიზნედ რჩება სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდიივკა, კურახოვე, სლოვიანსკი და სხვა დასახლებები.

მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დამცველის, ვინც მიუხედავად ოკუპანტების ტექნიკური და ზოგჯერ რაოდენობრივი უპირატესობისა, გმირულად იცავს ქვეყანას. რუსულმა ჯარებმა ხარკოვი და სუმის რეგიონი ისევ დაბომბეს, ბრძოლა გრძელდება ხერსონის რეგიონისთვისაც. ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს. ჩვენს მიტაცებულ ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოიპარეს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული და ახლა ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ “შავად”,  ისე გაყიდონ, რომ მოპარულით ფულიც იშოვონ და თან ლეგალურ ბაზარზე დეფიციტიც შეინარჩუნონ. რუსეთის მიერ ჩვენი ექსპორტის ბლოკირება, სიტუაციის დესტაბილიზაციას ნამდვილად გლობალური მასშტაბით ახდენს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში ძვირდება სურსათი -იქმნება შიმშილობის საფრთხე აფრიკაში, აზიაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ევროპას მოუწევს რუსულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა, რადგან საქმე ეხება რუსული ენერგეტიკული იარაღისგან თავად ევროპელების დამოუკიდებლობას. ეს რაც უფრო მალე მოხდება და რაც უფრო სრული იქნება უარი რუსულ ნავთობზე, მით მეტ სარგებელს მოუტანს ევროპას”,- აღნიშნავს ზელენსკი.

მსგავსი თემები