“ხოჯევანიშვილის შსს-ში მუშაობა არ ნიშნავს, რომ საქმე გახარიას კლანთან გვაქვს” – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არაფერი იცის შს მინისტრის, გიორგი გახარიას კლანის შესახებ და აძლიერებს თუ არა იგი თავის კლანს უშიშროებაში.

“ეს ძალიან ზედაპირული და არასერიოზული მიდგომაა. ის, რომ ხოჯევანიშვილი გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა, არ ნიშნავს რომ საქმე კლანთან გვაქვს. ზოგი გენერალურ ინსპექციაში მუშაობს, ზოგი თავდაცვის სამინისტროში. ზოგი უნივერსიტეტში და მერე ეს ხალხი სადღაც იწყებს მუშაობას. ამიტომ ეგ დასკვნა, ვიღაცის გაკეთებულია და მე არავითარი საფუძველი არ მაქვს ვისაუბრო, რომ ეს არის გახარიას კლანი, ის აძლიერებს ახლა თავის კლანს უშიშროებაში, ეს ძალიან ზედაპირული და არასერიოზული მიდგომაა”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  

რაც შეეხება ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსია, ჟორჟლიანის თქმით, მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყო. “რაც შეეხება დანარჩენ ცვლილებებს, რომლის თაობაზეც არის ინფორმაცია, ვიცი, რომ აჭარის უშიშროების სამინისტროში იგეგმება საკადრო ცვლილებები. ამის თაობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ინიშნება. მისი დანიშვნის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ძმები ხოჯევანიშვილები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილიც მოქმედი მაღალჩინოსანია. ის შიდა ქართლის გუბერნატორია.  

მსგავსი თემები