“ჯერ მტკიცებულება წარმოადგინეთ და მერე მკითხეთ” – გია ჟორჟოლიანი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისი ფრაქციის წევრ, დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს არსად უთქვამს, რომ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას და შესაძლოა შეუერთდეს იმ ფრაქციას, რომელსაც მომავალში, ეკა ბესელია სავარაუდოდ შექმნის. 

გია ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

კითხვის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ მისმა მოადგილე ბექა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველთან” ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსამართლეთა არსებული სია პარლამენტში თუ გავა, ის დატოვებდა საპარლამენტო უმრავლესობას და შესაძლოა ეკა ბესელიას ფრაქციას შეუერთდეს.

” ეს არის ტყუილი, რომ ბექა ნაცვლიშვილი შესაძლებელია შეუერთდეს იმ ფრაქციას, რომელსაც ეკა ბესელია შექმნის. მაჩვენეთ სად თქვა ეს ნაცვლიშვილმა. ტყუილების ლაპარაკი არ შეიძლება. ასეთი რამე არ ხდება, რომ ნაცვლიშვილმა გააკეთა განცხადება და მე ამის შესახებ არ ვიცი. ჯერ მტკიცებულება წარმომიდგინეთ და ისე მკითხეთ რაც გინდათ”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისივე თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ფრაქციის პოზიცია იყო კრიტიკული, არ უჭერენ მხარს წარმოდგენილ სიას და არც პროცედურას.

​პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, გია ჟორჟოლიანმა ბექა ნაცვლიშვილს დაურეკა და თანაფრაქციელის განცხადება ჟურნალისტებს ხმამაღალ რეჟიმში მოასმენინა. ბექა ნაცვლიშვილმა ეკა ბესელიასთან ერთ ფრაქციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დაადასტურა.  

მსგავსი თემები