“ასე იწყებოდა 1991 წელიც, მე ეს ძალიან კარგად მახსოვს” – მირიან წიკლაური პოლიტიკურ პროცესებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ ქვეყანა გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენების განმეორების საფრთხის წინაშე დგას და გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი და სურვილები ძალიან ჰგავს, 1991 წელს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფის სურვილებს.

როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდება, ისინი ემზადებიან მუდმივი კონფრონტაციისთვის, რათა ამღვრეულ წყალში თევზი უკეთ დაიჭიონ.

” ნუთუ ვერ ხედავთ რა ხდება ქვეყანაში? ეს არის მზადება მუდმივი კონფლიქტისთვის, ან ერთი დიდი კონფლიქტისთვის, სადაც მერე, ამღვრეულ წყალში ვიღაცეები თევზის დაჭერას შეეცდებიან. ეს მე მახსენებს 1991 წლის მოვლენებს. ამ შემთხვევაში, ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის სხვა რესურსი არ გააჩნია. ან მასშტაბური კონფლიქტი უნდა მოაწყონ ქვეყანაში, რომელიც ან მაშინვე გამოიღებს შედეგს, როგორც კიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა მოაწყვეს 91-ში, სახელმწიფო გადატრიალება და მოვიდნენ ხელისუფლებაში სამხედრო საბჭოს სახით. შემდეგ, ვითომ არჩევნები ჩაატარეს და დაიმკვიდრეს თავი ქვეყანაში. ან მეორე ვარიანტი – ასეთი კონფლიქტი გამოიწვევს სერიოზულ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, ეს კი ქვეყნის ეკონომიკის სერიოზული მტერია, განსაკუთრებით იმ სფეროების, რომლებიც საქართველოში მეტ-ნაკლებად ფეხზე დამდგარი – ტურიზმი და სატრანზიტო მიმოსვლები. სწორედ ამ სფეროებს დაარტყამს დესტაბილიზაცია პირველ რიგში და მკვეთრად შეამცირებს ტრაზინტს. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ეს გადატანილი აქვს”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მთავარში“.

იგი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის და პარლამენტში შეხვედრების შესაძლებლობა არსებობს.

“მათთან ერთად, ერთ მაგიდასთან, ერთ დარბაზში ვსხედვართ ხოლმე და იქ განვიხილავთ უამრავ საკითხებს, მათ შორის უახლოესი წარსულიდან. მათთან ერთად განვიხილავდით საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ როგორ უნდა გაიმართოს არჩევნები და უნდა მივყვეთ იმ კანონს, რაც კონსტიტუციაში გვიწერია. არეულობას მოჰყვება ეკონომიკის ჩამოშლა, ხაზინაში თანხების შემცირება. ამას თავისთავად მოჰყვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩაშლა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გაუქმება, აუცილებლად მოჰყვება სოციალური პროგრამების შემცირება, ეს მანკიერ წრეს შეკრავ და ხალხის უკმაყოფილებას და კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას გამოიწვევს”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

​იგი საზოგადოებას მოუწოდებს, გაიხსენონ საქართველოს უახლესი წარსული და დაფიქრდნენ, ღირს თუ არა “განდიდების მანიის შეპყრობილი ადამიანების ავადმყოფური მისწრაფებების დაკმაყოფილება” უბედურების ხარჯზე.

“სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოვიდა მაშინაც ოპოზიცია. ძალიან კარგად იციან, რომ საპარლამენტო არჩევნებს ესენი წააგებენ. საზოგადოებამ, რომელსაც ეს პროცესები უკვე გავლილი აქვს, ოპოზიციის ასეთ გამოხტომებს სათანადო პასუხი უნდა გასცეს”, – მიაჩნია მირიან წიკლაურს.

 

მსგავსი თემები