„ვიზუალურად დაზიანებები არ ეტყობა“ – სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით გადაყვანაზე  

როგორც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან აცხადებს, გლდანის ციხეში გადაყვანილმა მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ მეთორმეტე დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ მეთვრამეტე დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში“ – აცხადებს ლომჯარია.

მისივე თქმით, გლდანში მიყვანისას, ყოფილი პრეზიდენტი მანქანიდან არ გადმოდიოდა.  

„მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის მეთვრამეტე დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს დაზიანებებთან დაკავშირებით გაესინჯა. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო დამენახა. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა, სჯობს ექიმმა დაათვალიეროს. მისი განცხადებით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა ექიმებს, ეს დაადასტურეს ექიმებმაც“,- განაცხადა ლომჯარიამ მედიასთან.

მსგავსი თემები