„აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას“ – ჩინეთის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

ჩინეთის ახალი ელჩი  ჭოუ ციენი საქართველოში სულ რამდენიმე თვეა ჩამოვიდა. როგორც ელჩი მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. როგორია ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა; რა პრეტენზიებს უყენებს ჩინეთი აშშ-ს და როგორ შეიძლება დარეგულირდეს ვითარება; ვინ აწყობს პროვოკაციებს; როგორია ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომზე; „შუა დერეფანი“ და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა, ამ და სხვა საკითხებზე ელჩი მედიაცენტრ მთავარს” ესაუბრა.

მედიაცენტრი მთავარი“: ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. რა საკითხები იქნა განხილული და რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან?

ჭოუ ციენი: 16-22 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) მე-20 ყრილობა ჩატარდა. ეს ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი საკვანძო მომენტს ემთხვევა. ჩინეთის კომუნისტური პარტია მთელ ერს თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს შენებისა და „ასწლეულის მეორე მიზნის“ შესრულების ახალ გზაზე უნდა გაუძღვეს. ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა, მე-19 ცენტრალური კომიტეტის სახელით, ყრილობის დელეგატებს საანგარიშო მოხსენება წარუდგინა, რომელშიც სრულყოფილად იქნა შეჯამებული ბოლო ხუთი წლის საქმიანობა; სისტემატიზებულად იქნა განხილული პარტიისა და მისი ბირთვის – სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ახალ ეპოქაში პარტიის, მთელი ქვეყნისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის მიერ ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის განვითარებაში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და გამოცდილება;

სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული საგარეო და საშინაო მდგომარეობა; სრულად იქნა გააზრებული ახალი საჭიროებები და ხალხის მოლოდინები ახალ ეპოქაში პარტიისა და ეროვნული საქმის განვითარებისთვის; განისაზღვრა სამოქმედო გეგმა და ძირითადი პოლიტიკური კურსი; ზოგადი სტრატეგიული ვითარებიდან გამომდინარე მომზადდა პარტიასა და ეროვნულ საქმესთან დაკავშირებული გეგმები.

23 ოქტომბერს, ჩკპ-ის მე-20 ცენტრალური კომიტეტის 1-ელ პლენუმზე სი ძინფინგი არჩეულ იქნა ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ამასთან, ახალი ვადით არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს, მუდმივმოქმედი პოლიტბიუროს და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წევრები. ამ მომენტიდან ჩკპ-ის მთავარი ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე  და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ და ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ერის დიადი აღორძინება“.

დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსასარგებლო და ღია სტრატეგიის მხარდაჭერას, მსოფლიოში მშვიდობის დაცვას, საერთო განვითარების მიზნით საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობას, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას.

იგი მსოფლიოს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს გაუზიარებს ჩინური სტილის მოდერნიზაციის გამოცდილებასა და განვითარების შესაძლებლობებს. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს „სარტყლისა და გზის“ პროექტის განხორციელებას, სხვა ქვეყნებთან ერთად სისრულეში მოიყვანს ჩინური მხარის მიერ წამოყენებულ „გლობალური განვითარების ინიციატივას“ და „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“, სხვებთან ერთად გაავრცელებს კაცობრიობის საერთო ღირებულებებს: მშვიდობას, განვითარებას, მიუკერძოებლობას, სამართლიანობას, დემოკრატიას, თავისუფლებას.

მე-20 ყრილობა არა მარტო ჩინეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩინეთი მზადაა, სხვა ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთან ერთად ყველაფერი გააკეთოს მშვიდობიანი განვითარებისთვის, ერთობისა და პროგრესისთვის პასუხისმგებლობა იკისროს, გლობალური მმართველობისთვის სიბრძნე არ დაიშუროს, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას ხელი შეუწყოს, რათა კაცობრიობა უკეთეს მომავალს შეეგებოს.

მედიაცენტრი მთავარი“: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ განცხადება გააკეთეთ და აღნიშნეთ, რომ ეს ვიზიტი  დაძაბულობას კიდევ უფრო სახიფათოს გახდის, რომ  ჩინეთი „ერთი პრინციპის“ დამახინჯებას არ შეეგუება, რომ ეს ვიზიტი  უპასუხისმგებლო და საშიში ქმედებაა… მივუბრუნდეთ ამ თემას და რა ხდება დღეს?

ჭოუ ციენი: აგვისტოში ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ოფიციალურ რანგში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, რითაც აშკარად დაირღვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და აშშ-ის მიერ დადებული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“, სერიოზულად დაირღვა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჩინურმა მხარემ მასშტაბური სამხედრო წვრთნებით, სანქციებითა და სხვა აუცილებელი ზომებით უპასუხა.

ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას, მხარს უჭერს ტაივანის სეპარატისტულ ძალებს თანდათანობით ტაივანის დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში, „სალიამის ტაქტიკით“ ცდილობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დამახინჯებასა და დაზიანებას. პელოსის ტაივანში ვიზიტიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ტაივანის სრუტეში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. რადგანაც შეერთებული შტატები არა თუ არ გაჩერებულა, პირიქით, განზრახ ცდილობს სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას.

მხოლოდ აგვისტოს თვეში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, აშშ-მა სენატორების თუ გუბერნატორების დონეზე კიდევ რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია მიავლინა ტაივანში. შეერთებული შტატების მხარემ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდებს გაგზავნის ტაივანის სრუტეში. სექტემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მიიღო „2022 წლის ტაივანის პოლიტიკის აქტი“, რომელიც სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“. ვინ აწყობს პროვოკაციებს და ცდილობს სტატუს-კვოს შეცვლას, ისედაც სრულიად ნათელია.

ტაივანის საკითხი არსებითად ჩინეთის შიდა საქმეა. ეს არის პრინციპული საკითხი, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტსა და გაერთიანებას ეხება. გენერალურმა მდივანმა სი ძინფიგნმა პარტიის მე-20 ყრილობის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნა, რომ ტაივანის სეპარატისტული ძალების ქმედებების და ტაივანის საკითხში გარე ძალების მხრიდან ჩარევისა და სერიოზული პროვოკაციების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვებრძვით სეპარატიზმსა და შინაურ საქმეებში ჩარევას, ჩვენ ვაჩვენეთ მტკიცე გადაწყვეტილება და დიდი უნარი, რომ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ დავუშვებთ „ტაივანის დამოუკიდებლობას“.

ჩინეთის კომუნისტური პარტია ახალ ეპოქაში ტაივანის საკითხის გადაწყვეტის საერთო სტრატეგიის შესაბამისად სამშობლოს მშვიდობიანი გაერთიანების დიად საქმეში პროგრესს მიაღწევს. ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და მას მხოლოდ ჩინელი ხალხი გადაწყვეტს. ჩვენ გავაგრძელებთ სრუტეში ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას, აღვკვეთთ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე სეპარატისტულ ქმედებებს და გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობებს, სრუტის ორ მხარეს შორის ურთიერთობებში ინიციატივას ხელში ავიღებთ.

მედიაცენტრი მთავარი:“ უკრაინის თემაზე გადავიდეთ,  უკრაინულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა პოზიცია და უკმაყოფილება, რომ ჩინეთის მხრიდან ვერ იგრძნობა მხარდაჭერა… როგორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში? უკრაინის კრიზისმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა. როგორია ჩინეთის ხედვა საერთაშორისო უსაფრთხოების რეალობაში მომხდარ ცვლილებებზე?

ჭოუ ციენი: უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა.

აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ჩინური მხარე ამ „ოთხი აუცილებლობის“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის მხარს უჭერს შერიგებასა და მოლაპარაკებებს. იგი გულგრილი მოწმის როლში არასდროს არ დგას, მაგრამ არც ცეცხლზე ნავთს არ ასხამს და მით უმეტეს, შექმნილი სიტუაციით პირადი სარგებლის ნახვას არ ცდილობს.

დღეისათვის ჩინეთს უკრაინაში გაგზავნილი აქვს ჰუმანიტარული დახმარების სამი პარტია. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ქმედებას. 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ნიუ-იორკში შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ოცდაათწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პოზიტიური შედეგები და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა ყველა ქვეყნის საერთო მიზანია და აუცილებელია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოლაპარაკების გზით მოგვარების ორბიტაზე.

დღეს ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას, ძალისმიერ პოლიტიკას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აპრილში გამართულ აზიის პოაოს ყოველწლიურ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წამოაყენა, რითაც გარკვევით უპასუხა ისეთ ეპოქალურ საკითხებს, თუ „რა სახის უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს და როგორ მიაღწევენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოებას“. ამ ინიციატივით ჩინეთმა მსოფლიოში მშვიდობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარი სიბრძნე და ხედვა აჩვენა.

ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დღევანდელ პირობებში, „აბსოლუტური უსაფრთხოება“ და „ერთპიროვნული უსაფრთხოება“ ვერ განხორციელდება. ჩვენ უნდა ვაჯობოთ ცივი ომის მენტალიტეტს – რომ ერთის გასამარჯვებლად მეორე უნდა დამარცხდეს, უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ქვეყნის უსაფრთხოება, დაპირისპირება უნდა ჩავანაცვლოთ დიალოგით, მუქარა – მოლაპარაკებით, ალიანსი – პარტნიორობით, ნულოვანი ჯამი – საერთო სარგებლით. უნდა დავიცვათ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, დავუპირისპირდეთ ცალმხრივ სანქციებსა და „ექსტერიტორიულ იურისდიქციას“.

უნდა გავატაროთ უსაფრთხოების ხელშეუხებლობის პრინციპი და ხელი შევუწყოთ დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას. „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ შეესაბამება გაეროს წესდების მიზნებს. იგი ეფუძნება ახალი ჩინეთის დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკასა და პრაქტიკას. იგი სათავეს იღებს ჩინური სპეციფიკის დიპლომატიური ტრადიციებიდან და სიბრძნიდან.

ისტორიულად, იმპერიალიზმმა და ჰეგემონიზმმა გამოიწვია გლობალური ომები, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა კაცობრიობას და ამასთან, იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ გაეფართოებინათ და შეენარჩუნებინათ ჰეგემონია. იმედია, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობამ შეძლო ჭკუის სწავლა. ჩინეთის დიპლომატია ყოველთვის მხარში ედგა განვითარებად ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ქვეყნებთან და ხალხებთან ერთად ძალისხმევა არ დავიშუროთ მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების მტკიცედ დასაცავად.

მედიაცენტრი მთავარი:“ საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. ჩინური კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თქვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით?

ჭოუ ციენი: ჩინეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ქართულ მხარესთან „შუა დერეფნის“ განვითარებას. განსაკუთრებით კი, ტრადიციული სატრანსპორტო შესაძლებლობების ნაკლებობის ფონზე, „შუა დერეფნის“ განვითარებას შეუძლია რეგიონული გადაზიდვები ეფექტურად გააუმჯობესოს და აზია-ევროპის საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაცია და ოპტიმიზაცია მოახდინოს.

ამის გამო, მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩინური კომპანიები საქართველოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია E60 ავტომაგისტრალის და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები. ბევრი სამშენებლო პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დროს, გაუმჯობესდება საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, გაძლიერდება მისი, როგორც სატრანსპორტო „ჰაბის“ როლი, უფრო ძლიერი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ექნება „შუა დერეფნის“ განვითარებას.

ამასთანავე, სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია შემოდის ქართულ ბაზარზე და აქტიურად ინტერესებდა „შუა დერეფნის“ მშენებლობით. ჩინეთს ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს მსოფლიოში. ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთში აშენდა 130 000 კმ ავტობანი, 30 000 კმ ჩქაროსნული რკინიგზა და ურთულესი კონსტრუქციის ხიდები ხეობებსა და ზღვაზე. ჩინეთი მზადაა გააძლიეროს კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოსთან, რათა ორი ქვეყნის ბაზრებს შორის გაძლიერდეს თანამშრომლობა, განვითარდეს „შუა დერეფანი“, გაუმჯობესდეს რეგიონული გადაზიდვების ეფექტურობა, მაღალ დონეზე განხორციელდეს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, ძლიერი სტიმული მიეცეს ორ ქვეყანასა და  ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.

მედიაცენტრი მთავარი:“ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი  მეგობარი ქვეყანაა. ეს მეგობრობა და  დიპლომატიური კავშირები 30 წელს ითვლის. როგორია თქვენი, როგორც ახალი ელჩის ხედვები და სამომავლო გეგმები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით?

ჭოუ ციენი: 1992 წლის 9 ივნისს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს კარგი მეგობრობა და სანდო პარტნიორობა აკავშირებს. ჩვენი ქვეყნები პატივს სცემენ ერთმანეთს, ერთმანეთს ეხმარებიან და თანამშრომლობენ. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ორ ქვეყანას შორის „სარტყლისა და გზის“  და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა მუდმივად ღრმავდება. 30 წლის მანძილზე, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტში არსებული 3.68 მილიონი აშშ დოლარის ნიშნულიდან, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 400-ჯერ გაიზარდა. საქართველომ ევრაზიის რეგიონში პირველმა გააფორმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2018 წელს ძალაში შესვლის შემდეგ, აქედან მიღებული სარგებელი უწყვეტად იზრდება. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ, ხოლო სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს.

„ჩინეთ-ევროპის ექსპრესი“ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს და მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, ახალ ენერგიას მატებს. ინვესტიციების, კომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. „სარტყლისა და გზის“ მშენებლობა და სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო სიღრმისეულად გაგრძელდება და მუდმივად ახალ შედეგებს გამოიღებს.

ჩვენ მზად ვართ, ქართულ მხარესთან ერთად შევაჯამოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების წარმატებული გამოცდილება და შემდეგი 30 წლის თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ, რათა შევინარჩუნოთ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლის სულისკვეთება და „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ, სტაბილურ და მდგრად განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი, დავინახე, რომ ქართველები დიდ პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე და ოჯახური ტრადიციების მიმდევარი ერია.

აქ მოხუცებს პატივს ცემენ, ბავშვები კი უყვართ. ამ ყველაფერში ქართველები და ჩინელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ასევე დავინახე, რომ ქართველი ხალხი მშვიდობისა და განვითარებისკენ ისწრაფვის. მე, როგორც ელჩი, ვაცნობიერებ ჩემი მისიის მნიშვნელობას. მზად ვარ, გავაგრძელო ქართული საზოგადოებასთან კონტაქტების დამყარება, რათა ხელი შევუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას,  უძველესი ისტორიის მქონე ამ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებას და საერთო სარგებლის მიღწევას, რათა აქტიური წვლილი შევიტანო ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ დონეზე განვითარებაში.

ეკა გულუა

 

მსგავსი თემები