„რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტების დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებებს პასუხობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სერგეი ლავროვის ბრალდებების შემდეგ, საინტერესოა, დარჩება თი არა ისრაელის ელჩი რუსეთში და შეინარჩუნებ თუ არა ისრაელი მოსკოვთან ნორმალურ ურთიერთობას.

„თუ ოდესღაც ამ სახელმწიფოს ჰქონდა ის, რასაც რეპუტაცია ეწოდება, ახლა რუსეთი ყოველდღიურად აკეთებს ისეთ რამეს, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ადეკვატურობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და ურცხვად განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელებს შორის არიან. თითქოსდა ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასეთი რამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წლისთავის წინ? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტებს დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს.

სიტყვები არ მაქვს. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების გამო დღეს დიდი სკანდალი იყო ისრაელში. თუმცა, არავის ესმის მოსკოვიდან ამის საწინააღმდეგო განცხადებები ან თავის მართლება. იქ დუმან, ეს კი ნიშნავს, რომ ეთანხმებიან იმას, რაც მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა. მათი მინისტრის ასეთი გამოხტომა ნიშნავს, რომ რუსეთში დაავიწყდათ მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი. იქნებ, არც არასდროს უსწავლიათ ეს გაკვეთილები. კითხვა – დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, როდესაც იცის მათი ასეთი ახალი პოზიცია? დარჩება თუ არა ურთიერთობები რუსეთთან როგორც ჩვეულებრივ? რადგან ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის“ – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ  სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

 

მსგავსი თემები