მწყემსის  ფსიქიატრიული ექსპერტიზა დასრულდა და ბრალდებული ციხეში დააბრუნეს

ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებული მწყემსის ფსიქიკურ – ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასრულდა. მალხაზ კობაური კი სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატები „მთავართან“ საუბრისას აცხადებენ, დარწმუნებულები არიან, რომ დასკვნა ისეთი იქნება, რასაც ამტკიცებდნენ და რასაც ელოდნენ.

ადვოკატების –  ალექსანდრე კობაიძისა და ვასილ მამულაშვილის თქმით, დანაშაული კობაურის ჩადენილი არ არის და მის შეურაცხადობასთან დაკავშირებითაც წერტილი დაისვა.

„დიდი მოლოდინი გვქონდა სწორედ იმ შედეგის, რაც ექსპერტიზამ დადო. მისი მდგომარეობა ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა ერთობლივად შეაფასეს და ზეპირი შეფასებით,  კობაურს  ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს და ლოგიკურად არ აზროვნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე წერილობითაც აისახება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ადვოკატების პოზიცია გამართლდება იმ თვალსაზრისით, რომ ვამბობთ, რომ კობაური აბსოლუტურად გაწონასწორებული და მყარი ფსიქიკის პატრონია“, – განუცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მთავარს“.

ვასილ მამულაშვილის თქმით კი ექსპერტიზის დასკვნას ოფიციალური დოკუმენტის სახით მაქსიმუმ 10 დღეში მიიღებენ.

„ექსპერტიზა დასრულდა, იმ მხრივ, რომ კობაურის გამოკვლევა, გასაუბრება, დაკვირვება და სხვა პროცედურები აღარ გაგრძელდება. ბრალდებული კობაური გადაყვანილია სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში. დასკვნა ჯერ ფიზიკურად მომზადებული არ არის,  თუმცა, წინასწარ ვიცით, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. ბრალდებულთან ექსპერტების ბოლო გასაუბრება 1 საათს გაგრძელდა, რომელსაც ადვოკატებიც ვესწრებოდით. ეს იყო შემაჯამებელი გასაუბრება, სადაც კობაურმა თავიდან ბოლომდე ყველაფერზე ისაუბრა. კომისიის წევრებს, უარყოფითი კუთხით კითხვები არ ჰქონიათ და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ეჭვი არც შეპარვით. ჩვენი მოლოდინიც ეს იყო,  რომ ის შერაცხადია და დარწუნებული ვარ, ეს დასკვნაშიც ისახება“ – განუცხადა ვასილ მამულაშვილმა „მთავარს“.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში  აგვისტოს დასაწყისში გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები