ვიცე- მერს თბილისის ქუჩებზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება დაევალა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებდა.

„ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის, აგლაძის, გიორგაძის ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოეწესრიგებინა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა – ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი. შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და ასევე, მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ადამიანები ტროტუარის ნაცვლად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდიოდნენ და ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება და ავარიებიც ხდებოდა. ჩემი დავალების შედეგად,  ყველა ეს ტერიტორია მოწესრიგდა. დღეს, ტროტუარები არის აბსოლუტურად გასუფთავებული. გვაქვს შესაბამისი ფოტომასალაც, თუ რა მდგომარეობა იყო აღნიშნულ ქუჩებზე და ახლა როგორ გამოიყურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ  ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თბილისის სხვა უბნებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს, იგივე ღონისძიებები გატარდეს.

„მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ზედამხედველობის სამსახურს კოორდინაცია გაუწიოს, რომ სხვა რაიონებშიც, სადაც ასეთი ადგილები გვაქვს, იგივე ღონისძიებები გატარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ეს იერსახესაც სერიოზულ პრობლემას უქმნის. სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე საშენი მასალები იყოს გამოტანილი და ღიად ეყაროს?! ამიტომაც, მინდა მსგავსი სამუშაოები ყველა რაიონში გაატაროთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები