2019 წელს, 5 თვის განმავლობაში, იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი.
როგორც შსს-ში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.
„შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში – სხვა პირმა. არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა,”-განაცხადეს შსს-ში.
მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:
62 შემთხვევაში – ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)
32 შემთხვევაში – მსხვერპლი ბავშვი;
4 შემთხვევაში – მეზობელი;
3 შემთხვევაში – მოქალაქე/შემსწრე პირი;
2 შემთხვევაში – ნათესავი;
2 შემთხვევაში – საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
2 შემთხვევაში – სკოლა/მანდატური;
1 შემთხვევაში – არასამთავრობო ორგანიზაცია;
1 შემთხვევაში – სოციალური სამსახური;
1 შემთხვევაში – სხვა პირი.