პრემიერმა Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან ვაქცინის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა​

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილეს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

“ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა.

“ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.
ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

მადლობას ვუხდი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს,” – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები