პაპუაშვილის აზრით, სწორია, რომ ონლაინმედიას პარლამენტში არ უშვებს

,,ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომლის ბრძანების საფუძველზეც მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ უშვებენ.

,,17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს პარლამენტის შენობაში. რაც შეეხება ონლაინმედიას, თქვენ გუშინ ნახეთ, ჯერ მანამდე ნახეთ, ბიუროს სხდომა როცა იყო, როდესაც ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა, გაშალა პლაკატი. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლები, მათი მიზანი შემოსვლის იყო პროტესტის გამოხატვა, მათ კიდევაც ჰქონდათ დამზადებული პლაკატები ნახეთ, რომ წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს.

ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება, რაც გასაგებია, კი ბატონო, უნდათ პროტესტის დაფიქსირება, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად.

გუშინ ყველა ამ ჟურნალისტმა შემდეგ წრეები ურტყა პარლამენტს, სხვადასხვა პლაკატებით, წრეებით, ხმოვანი ინსტრუმენტებით, რითიც დაადასტურეს, მერამდენედ უკვე, რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ჟურნალისტური ინტერესი აქ საქმიანობის, მათ აქვთ ინტერესი ჩაშლის პროცესის”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები