დარწმუნებული ვარ ,,ოცნებას” კარგი დღე არ ელოდება – ნიკა გვარამია მილერის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე მორიგ განცხადებას აკეთებს. სახ.დეპის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ეს უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, ასევე, პრობლემას შეუქნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ასევე, გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელმაც თქვა, რომ ,,რუსული კანონის” მიღებით ,,ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ.

მილერის განცხადებას აფასებენ ოპოზიციაში. ,,ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დასავლეთი ყოველთვის იმ ნაბიჯებს დგამს, რასაც ქვეყანა იმსახურებს.

,,დარწმუნებული ვარ კარგი დღე ,,ქართულ ოცნებას” არ ელოდება, ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ როცა რუსეთის მიმართულების ნაბიჯებს დგამ, უნდა იცოდე, რომ ა) დასავლეთისკენ აღარ მიგესვლება და ბ) დასავლეთიც გადმოდგამს ნაბიჯებს, რომელსაც იმსახურებ. ეს ასეა, დასავლეთი დგამს ყოველთვის იმგვარ ნაბიჯებს, როგორსაც იმსახურებ, იმსახურებ უფრო მეტ ინტეგრაციას, იმსახურებ დახმარებას, იმსახურებ მხარდაჭერას, მაშინ ის დგამს ნაბიჯებს შემხვედრს. იმსახურებ რუსეთთან ინტეგრაციის გამო მწვავე დამოკიდებულებას, მაშინ ის გადადგამს ამგვარ ნაბიჯებს. არაფერი გასაკვირი არ არის, ერთადერთი, ასეთი ხისტი განცხადება მიანიშნებს, რომ ნაბიჯები განსაკუთრებულად ხისტი უნდა იყოს, წესით და რიგით”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები