საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრი განსჯის

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის ცნობილი პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი განსჯის – ინფორმაციას უეფა-ს ვებგვერდი ავრცელებს.

შიმონ მარცინიაკი მსოფლიოში აღიარებული რეფერია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ფიფა-მ კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა-საფრანგეთის მატჩის განსჯა დაავალა.

43 წლის პოლონელმა მსაჯობა 2009 წლიდან დაიწყო და ორ წელიწადში ფიფა-ს არბიტრის სტატუსი მიიღო.

26 მარტს მას ასევე პოლონელი არბიტრები დაეხმარებიან – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი ლაინსმენებად იმუშავებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იქნება. ვიდეორეფერის ფუნქციებს ასევე პოლონელები, ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი შეასრულებენ.

საინტერესოა, რომ მარჩინიაკმა 2021 წლის 31 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა განსაჯა, რომელიც 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი თემები