„პუტინი მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ დამუქრებია ფიზიკური განადგურებით…” – სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ პუტინი მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ დამუქრებია ფიზიკური განადგურებით.

საგანგებო ბრიფინგზე, სოფო ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

„დღეს ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. ნავალნის პირადი მტერი იყო ვლადიმერ პუტინი და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერია ვლადიმერ პუტინი. თავად რუსეთის დიქტატორ მმართველს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს არაერთხელ გაუვლია პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ის არაერთხელ დამუქრებია მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური განადგურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში შემთხვევით არ კვდებიან.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონო სალომე, ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ გეტყვით, ნუ დაამახინჯებთ და ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები