უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერენ

უკრაინა და გერმანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის დასრულებაზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ მას ხელს მალე მოაწერენ. ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ოლექსი მაკეევმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა შესაძლებელი დოკუმენტზე ხელის მოწერა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ხელმოწერისთვის არა მხოლოდ უკრაინის მზადყოფნა, არამედ გერმანული მხარის მზადყოფნაც და რაც მთავარია ტექსტის მომზადებაა საჭირო. ელჩის თქმით, ორივე მხარის გუნდებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარეები დოკუმენტების დამუშავების დასასრულს უახლოვდებიან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა კი წინა დღეს თქვა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საიუბილეო, მე-60 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

მსგავსი თემები