პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ Nikkei Asia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინმა ჩინელ კოლეგას ამის შესახებ 2023 წლის მარტში განუცხადა.  მათივე ცნობით, პუტინმა დაარწმუნა სი ძინპინი, რომ რუსეთი საბოლოოდ გამარჯვებული იქნება.

„სავარაუდო კონტექსტი პუტინის ამ განცხადების იყო ის, რომ გაჭიანურებული ომი სარგებელს მოუტანს ჩინეთის კარგად შეიარაღებულ პარტნიორს. მეორე მხრივ კი, ეს გაფრთხილება იყო ჩინეთის პრეზიდენტისთვის, რომ არ შეცვალოს თავისი პრორუსული პოზიცია“, – წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ პუტინის ამ განცხადების შემდეგ, ჩინეთმა გადახედა მის სტრატეგიას.

„ხოლო თუ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის გაგრძელდება, ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს ჩინეთის პრეზიდენტის გეგმებსა და ამბიციებზე, ასევე სი ძინპინის უფრო დიდ მიზანზე, რომელიც ტაივანის ჩინეთთან მიერთებას გულისხმობს“, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები