,,18-მეტრიანი ავტობუსები ჯიბეში არ გვიდევს, მათ დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება”- კახა კალაძე

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კახა კალაძემ დეპუტატების მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, სატრანსპორტო რეფორმა არის გრძელვადიანი და ამას თბილისის მთავრობა თანმიმდევრულად მიჰყვება.

„2017 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ამ პროცესში დაქირავებული გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია, დიდი გამოცდილების მქონე
უცხოელი ექსპერტები და მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ვახორციელებთ პროექტებს. ბევრი სპეკულაციური განცხადება ისმის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის შესახებ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. მათ მოვუწოდეთ, რომ თუ რამე არასწორია, გვითხრან რა
გავაკეთოთ, რა არის სწორი, თუმცა ეს უნდა იყოს კვლევებზე დაფუძნებული და შინაარსობრივად სწორი. ჩვენი რეფორმა გრძელვადიანია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ამისკენ
გვქონდეს მიმართული თანხები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, კახა კალაძის თქმით, ახალი ავტობუსების ნაწილი თბილისში უკვე შემოსულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში შემოვა.

„2012 წლამდე თბილისს ემსახურებოდა 450 ერთეული „ყვითელი ავტობუსი“, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პარკის განახლება-მოწესრიგება დავიწყეთ. დღეს, თბილისს 800-ზე მეტი ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი და 1 000-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. პროცესი გრძელდება. ვიყიდეთ ახალი, 18-
მეტრიანი ავტობუსები. თქვენ მკითხეთ, თუ სად არის ეს 150 ერთეული ავტობუსი. მე ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება. გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია, მომავალი წლისთვის კი დარჩენილი რაოდენობაც შემოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები