„ნაციონალურ მოძრაობაში“ რა და როგორ იქნება არ უნდა იყოს საინტერესო”- კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არსებული კონფლიქტი დიდი ხანია მიმდინარეობს, სიტუაციის გამწვავება კი
პარტიიდან ნიკა მელიას გამოგდებამ განაპირობა.

„დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს. დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მელიას გამოაგდებდა ხაბეიშვილი. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დაასწრო. ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის
თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე, ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობაში“ დაპირისპირება ქვეყნისთვის საინტერესო არ არის.

„ვფიქრობ, არ უნდა იყოს საინტერესო რა და როგორ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტები განსახორციელებელი. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ღირსეული პასუხი ჰქონდეს ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები