,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს”- ღარიბაშვილი

დღეს ჩვენ ვიკრიბებით მნიშვნელოვანი თარიღის − საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წლის იუბილის − აღსანიშნავად. ჩვენ ერთად ვიაზრებთ იმ გზას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთად გავიარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით.
,,2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით, რომლის მიზანი იყო ზედამხედველობა გაეწია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და, ხელი შეეწყო საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმ დღიდან მოყოლებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საკვანძო როლი ითამაშა ჩვენს სტაბილურობისა და შერიგებისკენ სწრაფვაში. ჩვენ − ქართველები − დიდ პატივს ვცემთ მისიის ერთგულებას სადღეღამისო, 24/7 რეჟიმში, მონიტორინგის იდეისადმი და  ადგილობრივ მოსახლეობას შორის ნდობის გამყარებისკენ მიმართული დაუღალავი ძალისხმევისთვის.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გამოყენებული ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში  ყოფნა  ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც ძალიან ფასეულია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს.
ძვირფასო მეგობრებო, გასული წლების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები