აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება. აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში ფიზიკური პირის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მომხსენებელმა კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზებიც განმარტა და აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად პირველივე შემთხვევის ფინანსური სახდელის შემოტანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კახიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური სანქციების შემოღებასთან ერთად ყურადღება მიაქციონ აღსრულების ნაწილს და საჭიროების შემთხვევაში ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწა მოხდეს.

 

მსგავსი თემები