,,ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან, ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ”- ოჯახის ახლობელი დუდაშვილებზე

ბოლო მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად  აღმოჩენილია 29 ცხედარი. საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

გიორგი დუდაშვილის შვილი, ერთ-ერთი იმ პირთაგან, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. მისი  მეუღლის და ორი ვაჟის ცხედრები კი უკვე იპოვეს.

„ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც – გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი. ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი.

არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება.

ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“, – განუცხადა ოჯახის ახლობელმა ”კვირის პალიტრას”.

მსგავსი თემები