ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 8 აგვისტოს დროებით ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დილის 6 საათამდე, ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ჩაიკეტება. ავტოტრანსპორტი ჯაპანა-ლანჩხუთის ძველი გზით იმოძრავებს.

„დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ავტობანის დროებით ჩაკეტვის მიზეზი „ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების სამუშაოებია“.

მსგავსი თემები