მაშველებმა და მოხალისეებმა სტიქიის ზონაში რამდენიმე მანქანა იპოვეს

შოვში ვითარება უმძიმესია. დაკარგულებს ტალახით დაფარულ დასახლებებში ეძებენ. ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს ერთ-ერთი ავტომობილი, თუმცა, ის იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი მარკა და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩიეს. რამდენიმე მანქანა იპოვეს მოხალისეებმაც, რომლებიც სამუშაოებში არიან ჩართულნი.

“დრონით ვათვალიერებთ მიმდინარე ტერიტორიებს. გუშინ ვიპოვეთ 2 მანქანა, რომელიც გლოლის სკოლის მიმდებარედ არის ჩაფლული ლაფში. გადავეცით, ბუნებრივია, მონაცემები შესაბამის სამსახურებს”, – აცხადებს ერთ-ერთი მოხალისე, დავით ქაცარავა.

ცნობისთვის, მაშველებთან და მოხალისეებთან ერთად სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. 200-ზე მეტი სამხედრო, 400 მეხანძრე მაშველი და მძიმე ტექნიკა ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობს.

დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით, შეზღუდული ხილვადობის გამო, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა ვეღარ შეძლეს. დაკარგულების ოჯახის წევრებს, რომლებიც მესამე დღეა საკუთარ ახლობლებს უშედეგოდ ელოდებიან, ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერებინეს.

მსგავსი თემები