,,ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა”- კახა კალაძე

„ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მისი შენარჩუნება შეუძლია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, მშვიდობის საკითხი საქილიკო არ შეიძლება იყოს.

„ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს უბრალოდ, ისე არ ხდება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. ასევე, ძალიან კარგად ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას, ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ: მიუხედავად ზეწოლისა და შემოტევისა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, პარტია, ვინც ამ ქვეყანას ემსახურება, იცავს მისი და მოსახლეობის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიღაცებისთვის ეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ომი და გამოსცადა ის უბედურება, რაც მას მოაქვს. ვინ გამოიარა ეს საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად ვინ გამოსცადა? – ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა. 2008 წლის ომის დროს გინახავთ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა თავიდან? ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, გამოსცადა ჩვეულებრივმა მოსახლეობამ და გმირმა ჯარისკაცებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები