პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ქართრეიდის“ დილერმა და ამავე კომპანიის დირექტორებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან, 209 220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად, მხოლოდ 145 210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122 712.37 აშშ დოლარი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“  და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე პირების დადგენის მიზნით,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები