,,მე რუსული კანონი არ წამიკითხავს, შეიძლება ნედ პრაისს წაკითხული აქვს”- ირაკლი კობახიძე

,,რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ამერიკული ვარიანტი.

„ანალოგი ნამდვილად არ არის იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო დარბილებულია – ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა. ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია, ჩვენ დავარბილეთ. საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი. რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ამით დაინტერესდა. მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ, ეს ინტერესი არ მაქვს. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”- პრაისი ”ხალხის ძალის” კანონპროექტზე

მსგავსი თემები