,,მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება”- ხატია დეკანოიძე

,,მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ საერთაშორისო ყურადღება ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაკფოლი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს.

„გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი სტატია მაიკლ მაკფოლის, რომელიც მუდმივად მუშაობს რეგიონზე და აშშ-ს ყოფილი ელჩია რუსეთში, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ის ერმაკთან ერთად არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობს რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქიის და ოლიგარქიული წრეების სანქცირებაზე. ჩვენ მასთან გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ ზაფხულს და მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი. ის მოუწოდებს მსოფლიოს, რომ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდეს, ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას შესაძლო მოწამვლის შესახებ და კლინიკიდან ბოლო გავრცელებულ სურათს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა არის უკიდურესად საზიანო და ეს მხოლოდ პუტინს ახარებს. ასეთი მაღალი დონის დიპლომატის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე, თეთრ სახლის ადმინისტრაციასთან დაახლოებული მნიშვნელოვანი ექსპერტის, სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორის შეფასება, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კავშირზე და პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილი დასჯასთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, ის საქართველოს ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში, „პუტინის პროქსებს“ უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც ფინანსური კაპიტალი დააგროვა არა საქართველოში, არა რომელიმე დასავლურ ქვეყანაში, არამედ სწორედ რუსეთში და სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა და ყველაზე მნიშვნელოვანი – ხდება მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპყრობილეში, რაც პირველ რიგში, უხარია პუტინს. ის ამბობს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც კარგად ესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ. დარწმუნებული ვარ, მისი მოწოდება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო და დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ისევე როგორც სხვა მიმართულებით მუშაობა, დამატებით ეფექტს შესძენს სააკაშვილის მიმართ ყურადღებას,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები